Thursday, October 28, 2010

ჰეროდოტე ჰალიკარნასელი, ძველი ბერძენი ისტორიკოსი, დასავლეთის კულტურაში საყოველთაოდ მოიაზრება, როგორც "ისტორიის მამა". ის იყო პირველი ისტორიკოსი, რომელიც მასალას სისტემატურად აგროვებდა, ამოწმებდა მათ აკურატულობას შეძლების ფარგლებში და ახარისხებდა მათ მკაფიოდ ჩამოყალიბებული სტრუქტურის მიხედვით.
ჰეროდოტე ძირითადად ცნობილია ნაშრომით "ისტორიები" (ბერძნ. ἱστορίαι, ძიებები, სიტყვა, რომელიც ლათინურმა ისესხა და დღევანდელი ისტორიის მნიშვნელობა შეიძინა), რომლებშიც იკვლევს ძვ.წ. 490 და ძვ.წ. 480 წლების საბერძნეთ- სპარსეთის ომის საწყისებს. ეს ნაშრომი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ჰეროდოტე მასში იმ პერიოდის ცხოვრების ასპექტებსაც იხილავს დაწვრილებით, რაზეც სხვაგვარად ინფორმაცია ჩვენთვის მწირი იქნებოდა. მასში ის ასევე აღწერს მისი მოგზაურობების პერიოდში ნანახი ადგილებისა და ხალხების შესახებ ხმელთაშუა და შავი ზღვების ირგვლივ მიწებზე. მიუხედავად იმისა, რომ მისი ზოგიერთი ისტორია სინამდვილეს სავარაუდოდ არ შეესაბამება, ის იქვე აღნიშნავს, რომ ის მხოლოდ გადმოსცემს იმას, რაც მას უთხრეს.

შუშანიკის წამება

შუშანიკის წამება (ძვ.ქ. წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი დედოფლისაჲ) — იაკობ ცურტაველის (ხუცესის) მიერ დაწერილი ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები. ეს არის ჩვენს დრომდე მოღწეული უძველესი ძეგლი ქართული მხატვრული ლიტერატურისა. დაწერილია მე-5 საუკუნეში, კერძოდ 476–483 წ.წ. ავტორი მონათხრობ ამბავთა თვითმხილველი და მონაწილეა. ვარაუდობენ, რომ იაკობი VI საუკუნის დასაწყისში ეპისკოპოსი გამხდარა.
„შუშანიკის წამების“ დახვეწილი ენა, სტილი და მაღალი ესთეტიკურ-შემეცნებითი ღირებულება სავარაუდებელს ხდის, რომ ქართული მწერლობა ამ ნაწარმოების შექმნამდე გაცილებით უფრო ადრე უნდა ჩასახულიყო.
ნაწარმოებში ჩანს, რომ V საუკუნის ქართლში კარგად ყოფილა განვითარებული საეკლესიო სისტემა. მასში სადახელებულნი არიან ეპისკოპოსები, მღვდლები და დიაკვანი.
შუშანიკის მეუღლე — ვარსქენი სიკვდილით დასაჯეს 482 წელს. ეს რომ მომხდარიყო ნაწარმოების დაწერამდე, იაკობი აუცილებლად აღნიშნავდა ამ ფაქტს. აქედან გამომდინარე, ნაწარმოები ვარსქენ პიტიახშის სიცოცხლეში ანუ 482 წლამდე დაიწერა, ხოლო შუშანიკ დედოფალი 475 წლის ჩვიდმეტ ოქტომბერს გარდაიცვალა. ამიტომ ითვლება, რომ ნაწარმოები 476—483 წლებში დაიწერა.
ნაწარმოებში ჩანს, რომ ქალები და მამაკაცები მე-5 საუკუნეში ერთად არ ჭამდნენ საჭმელს: „ოდეს ყოფილ არს აქამომდე, თუმცა მამათა და დედათა ერთად ეჭამა პური“ — ამბობს დედოფალი. ქალი გარეთ თავდაუბურავი არ გადიოდა: „მოჰყვანდა წმიდაჲ შუშანიკ უხამური და თმაგარდატევებული, ვითარცა ერთი ვინმე შეურაცხთაგანი და ვერვინ იკადრა თავსა მისსა დაბურვად“.
ნაწარმოებიდან ვგებულობთ, რომ ქართულად უკვე არსებობდა „ევანგელე“ ანუ სახარება და მოწამეთა ღვაწლის ამსახველი წიგნები. ისტორიული მნიშვნელობა აქვს ანტიოქიის პალეკარტსაც. ეს იყო უსახელო ჩასაცმელი, მოსასხამი. იქიდან გამომდინარე, რომ შუშანიკს ანტიოქიის პალეკარტი ეცვა, ვხვდებით, რომ საქართველოს სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა სირიასთან, რომლის ერთ-ერთი ქალაქი ანტიოქიაა და ეს პალეკარტიც იქიდან არის.
„შუშანიკის წამებაში“ არის ეპიზოდი, სადაც იაკობ ხუცესი აღწერს, თუ როგორი იყო ქართლი ერთ-ერთი ზაფხულის ჟამს: „ჟამსა ზაფხულისასა ცეცხლისებრ შემწუელი იგი მხურვალებაჲ მზისაჲ, ქარნი ხორშაკნი და წყალნი მავნებელნი…“, ავტორი ასევე ამბობს, რომ ხალხი იყო დამუწუკებული, დამუნიანებული, დაწინწკლული, დასნეულებული, სახედასიებული, სიცოცხლე მოსწრაფებული და ვერავინ აღწევდა მოხუცებულობამდე იმ მხარეში. მაგრამ ეს ყველაფერი მეცნიერულად გამოკვლეულია და დამტკიცებული არ არის, უფრო მეტიც, მეცნიერების გამოკვლევის თანახმად ასეთი ზაფხული ქართლში არასოდეს ყოფილა. ასეთი ცხელი გვალვებითა და სენით სავსე დრო არც ისტორიულადაა ცნობილი.