Monday, November 1, 2010

რა არის ისტორია?

ისტორია – (ბერძნ. historia - თხრობა, მოთხრობა გარდასულ ამბებზე), 1. განვითარების ყოველგვარი პროცესი ბუნებასა და საზოგადოებაში; მაგ., სამყაროს შექმნის ისტორია, ცალკეულ მეცნიერებათა – ფიზიკის, მათემატიკის, სამართლის ისტორია და ა. შ.; 2. მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ადამიანთა საზოგადოების წარსულს მთელი მისი კონკრეტული ფორმებითა და მრავალფეროვნებით. საზოგადოების ისტორია პროცესებისა და მოვლენების, ცალკეულ ინდივიდთა, ადამიანთა კოლექტივების, მთელი კაცობრიობის კონკრეტული და მრავალმხრივი მოქმედებისა და საქციელის ერთიანობაა.
ისტორია არის ცოდნის სფერო, რომელიც შედგება მეცნიერების ცალკეული დარგებისაგან, დამხმარე და სპეციალიზებული ისტორიული დისციპლინებისაგან. ცალკეულ ნაწილთა სპეციალიზაციის ხარისხი სხვადასხვაა, რის გამოც გამოყოფენ რამდენიმე ჯგუფს. პირველ ჯგუფს შეადგენს ისტორიული მეცნიერების ის დარგები, რომელთა ფარგლებში ისტორიკოსები საზოგადოების ისტორიას შეისწავლიან მთლიანად ან ნაწილების მიხედვით. ისტორიას სწავლობენ ფორმაციებისა და ეპოქების, კომლექსური პრობლემების მიხედვით, სივრცობრივ–გეოგრაფიული პრინციპით, გარდა ამისა ცალკე შეისწავლიან ადამიანთა ისტორიის სხვადასხვა მხარესა და მოვლენას. პირველ შემთხვევაში მსოფლიო ისტორიაში გამოიყოფა: პირველყოფილი საზოგადოების ისტორია, ძველი მსოფლიოს ისტორია, შუა საუკუნეების ისტორია, ახალი ისტორია და უახლესი ისტორია.
სივრცობრივ–გეოგრაფიული პრინციპის მიხედვით გამოიყოფა: დიდი, ერთმანეთთან ისტორიულად დაკავშირებული რაიონების რეგიონალური ისტორია და ცალკეული ქვეყნებისა და ხალხების ისტორია. მეორე ჯგუფს ქმნის დამხმარე და სპეციალიზებული ისტორიული დისციპლინები: წყაროთმცოდნეობა, არქეოგრაფია, პალეოგრაფია, დიპლომატიკა, ქრონოლოგია, ისტ. მეტროლოგია, სფრაგისტიკა, გენეალოგია, ჰერალდიკა, ნუმიზმატიკა. დამოუკიდებელ ადგილს იკავებს ორი სპეციალიზებული ისტორიული მეცნიერება არქეოლოგია და ეთნოგრაფია.

No comments:

Post a Comment