რუსთაველის მიერ “ვეფხისტყაოსნის” დასრულებასთან დაკავშირებით დიდუბის მინდორზე ასპარეზობა გაუმართავთ.
მასში მონაწილეობდნენ საქართველოს რჩეული რაინდები და პოეტები. ბრწყინვალე რაინდებითა და მანდილოსნებით გარშემორტყმულ თამარ მეფეს ოქროს ვარსკვლევებით მოქარგული საჩრდილობელი ამკობდა. შეჯიბრი გაიმართა ჯირითში, შუბის ტყორცნაში, ჭიდაობასა და მუსიკაში. რუსთველი გახდა ზეიმის გმირი. მან, როგორც საუკეთესო მხედარმა, მოჯირითემ და შესანიშნავმა მუსიკოსმა, ყველას აჯობა. თამარ მეფემ ბრძანა: უძვირფასეს ჯილდოს, ოქროს გვირგვინს, ის მიიღებს, ვინც ისარს იმ ვაშლს მოახვედრებს, მე რომ თითებით თავზე მეჭირებაო. რჩეული მოისარნი: როსტომ, დონიკე, ზურაბ და ამირანი – მოთათბირების შემდეგ თამარის წინ წარსდგნენ, დაუჩოქეს და შეევედრნენ, რომ ესოდენ სახიფათო შეჯიბრება არ გაემართა. მეფე ქალმა ღიმილით უპასუხა: “არაფერი სახიფათო და საშიში აქ არ არის, სურვილითა და მოხერხებით მიზანს ადვილად მიაღწევთ”.
შოთა რუსთველი წარსდგა წინ და თამარს მიმართა: “დედოფალო, ხელში აიღეთ ვაშლი, მე მოვახვედრებ ისარს!” – შოთას გაბედულებამ ყველა გააკვირვა. თამარმა ცერითა და საჩვენებელი თითით ვაშლი აიღო და თავზემოთ გაიჩერა… რუსთველმა, ყველასაგან მოულოდნელად, აიღო ისარი, მივიდა დედოფალთან, მარცხენათი დედოფლის ვაშლიანი ხელი დაიჭირა, მარჯვენა ხელით ვაშლში ისარი შეასო. თამარმა ვაშლს თითები მოაშორა, შოთამ კი ისრითვე მაღლა ასწია… ყველა მიხვდა, რომ დედოფლის მიერ ნათქვამი გამოცანა რუსთველმა სწრაფად და ჭკვიანურად ახსნა. – რუსთველმა გაიმარჯვა, – ბრძანა მეფე-ქალმა, – ოქროს გვირგვინიც მან დაიმსახურა. ამ შეჯიბრში სახიფათო არაფერი იყო. მე გეუბნებოდით, ვაშლისთვის ისარი მოგეხვედრებინათ, მაგრამ მანძილი, რომლიდანაც ეს უნდა შეგესრულებინათ, არ დამითქვამს. აქ დედოფალმა შოთას გვირგვინი დაადგა და ხელზე კოცნის ნება დართო.
No comments:
Post a Comment